პროგრამის შესახებ

საქართველოს ლიტერატურული და საგამომცემლო სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. 2023 წლიდან ლიტერატურის სფეროს წარმომადგენელთა უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებს საქართველოს კულტურის სამინისტროს და მის უწყებებს. ეს კოლექტიური ქმედება, რომელიც ეფუძნება ერთიან პოზიციას სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვაში სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო დაფინანსებისა და მხარდაჭერის მექანიზმებზე წვდომას უზღუდავს. შედეგად, ქვეყნის შემოქმედებითი ეკოსისტემა მოკლებულია იმ რესურსებს, რომლებზეც წვდომა კანონიერად ეკუთვნის. ეს ვითარება საფრთხეს უქმნის ქართული ლიტერატურული პროცესის უწყვეტობას და საგამომცემლო სექტორის მდგრადობას, და დამაზიანებელია კულტურის სფეროს პროფესიონალებისთვის.

არსებული სირთულეებისა მიუხედავად, ქართულმა საგამომცემლო საზოგადოებამ შეძლო, შეენარჩუნებინა საერთაშორისო პოზიციები. გამომცემლები ინარჩუნებენ პროფესიულ სტანდარტებს, დამოუკიდებლად მონაწილეობენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ლიტერატურულ პლატფორმებზე. მათ დააარსეს და წარმატებით აამოქმედეს ახალი პროფესიული გაერთიანება, „საქართველოს წიგნის ასოციაცია“, რათა შეენარჩუნებინათ 2018 წლის ფრანკფურტის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მიღწევები. თუმცა, მდგრადი მხარდაჭერისა და საერთაშორისო პარტნიორობის გარეშე, ეს დინამიკა საფრთხის ქვეშ რჩება.

ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია საერთაშორისო ბაზრობებზე, სადაც საქართველო წლების მანძილზე იყო ფოკუსში, დღეს კი ყურადღების მიღმაა. ამავე დროს, ჩვენი მეზობელი ქვეყნები დიდი წარმატებით ახერხებენ წიგნის ბაზრობებზე ეროვნული კულტურისა და ლიტერატურის წარმოჩენას. მათ მსოფლიოში არაერთი საგანმანათლებლო და კულტურული კერა აქვს ენისა და ლიტერატურის ხელშეწყობისა და გავრცელების მიზნით. მსგავსი ტიპის ინსტიტუციური, მდგრადი პროცესებისთვის აუცილებელია საზოგადოებისა და ბიზნესის ჩართულობა და მიზნობრივი და დროული მხარდაჭერა. ქართული ენა და ლიტერატურა უნიკალური კულტურული პროდუქტია, მისი საერთაშორისო პოზიციონირებისთვის კი აუცილებელია ფონდის არსებობა. სწორედ ამისთვის შეიქმნა ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამა.

ქართული ლიტერატურის მხარდასაჭერად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის გაერთიანება. ქველმოქმედების უდიდეს ტრადიციას მე-19 საუკუნეში დავით სარაჯიშვილმა ჩაუყარა საფუძველი, რომელიც თანხებს სწირავდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, მხარს უჭერდა ქართული წიგნების გამოცემას, სტიპენდიებით ეხმარებოდა მწერლებსა და სტუდენტებს და ხშირად პირადი სახსრებით აფინანსებდა კულტურულ ინიციატივებს, რითიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის განვითარებაში.

ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხედვა და გეგმები:

ორგანიზაციის მიზანია, უზრუნველყოს ქართული ლიტერატურის განვითარება, დემოკრატიული გარემო და საერთაშორისო კულტურულ პროცესებში ჩართულობა.

პროგრამის პრაქტიკული და გამჭვირვალე მექანიზმები დააკავშირებს ქართველ ავტორებს საერთაშორისო გამომცემლებთან და მკითხველთან, რითაც ხელს შეუწყობს როგორც ქართული ლიტერატურის განვითარებას, ისე საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობებს.

პროგრამის მართვა:

  • პროექტის დირექტორი – პასუხისმგებელია სტრატეგიაზე, პარტნიორობებსა და ფანდრაიზინგზე;
  • ადმინისტრაციული მენეჯერი – პასუხისმგებელია პროექტების ლოჯისტიკასა და კოორდინაციაზე;
  • მრჩეველთა საბჭო (5 წევრი) – უზრუნველყოფს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს და ექსპერტულ მხარდაჭერას;
  • საგამომცემლო კონსულტანტი – ორგანიზაციას კონსულტაციას უწევს საგამომცემლო საკითხებზე: ტენდენციები, საერთაშორისო ბაზარი და სხვ.

პროგრამის ძირითადი მიმართულებები:

  1. ქართული ლიტერატურის თარგმანის მხარდაჭერა

ქართული ნაწარმოებების უცხო ენებზე თარგმანის დაფინანსება, რათა ქართული ლიტერატურა ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვაენოვანი მკითხველისთვის.

  • ავტორთა მობილობა და გაცვლითი პროგრამები

რეზიდენციები, სამოგზაურო გრანტები და ლიტერატურული გაცვლის ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს თანამშრომლობას ქართულ და საერთაშორისო ლიტერატურულ საზოგადოებებს შორის.

  • ქართული ენის სწავლება და პოპულარიზაცია და პროფესიული განვითარების პროგრამები

სასწავლო პროგრამები და ვორქშოპები მთარგმნელებისა და ლიტერატურული სფეროს პროფესიონალებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და მდგრადი პროფესიული ქსელების ფორმირების მიზნით.

თარგმანის მხარდაჭერის პროგრამა

პირველი საგრანტო კონკურსი – 2027 წლის იანვარ-თებერვალი.

ვადები:

განაცხადების მიღება: 6-8 კვირა;

შეფასების პროცესი: 4-6 კვირა;

ხელშეკრულებების გაფორმება და საბოლოო დადასტურება: გადაწყვეტილების მიღებიდან 4 კვირის ვადაში.

გადაწყვეტილების მიღების პროცესი

განაცხადებს განიხილავს პროექტის დირექტორი და წარუდგენს მრჩეველთა საბჭოს; საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ღია კენჭისყრით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პირობები

  • განმცხადებელი უნდა იყოს მოქმედი გამომცემლობა, რომელსაც გააჩნია გავრცელებისა და პოპულარიზაციის მკაფიო გეგმა;
  • გრანტი გაიცემა მხოლოდ თარგმანის ხარჯების დასაფარად (მთარგმნელისა და რედაქტორის ჰონორარები);
  • დაფინანსება შეიძლება ფარავდეს წიგნის სრული ბიუჯეტის მაქსიმუმ 55%-ს;
  • მინიმალური ტირაჟი: 1,000 ეგზემპლარი, ან 500 ეგზემპლარი იმ ენებისთვის, რომელთა სამიზნე ბაზარი 3 მილიონზე ადამიანზე ნაკლებია;

2027-2029 წლებში პროგრამის პრიორიტეტული ენები:

ინგლისური, ესპანური, გერმანული, ფრანგული, აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, ლატვიური, ესტონური, ლიტვური, ნორვეგიული, შვედური, ფინური, დანიური, კატალანური, ბასკური, ჩეხური, პოლონური, სლოვაკური, სლოვენური, ხორვატული, პორტუგალიური, ბერძნული, უკრაინული და რუმინული.

კომუნიკაციისა და გავრცელების სტრატეგია

თანმიმდევრული კომუნიკაციის საშუალებით, ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამა გაზრდის ქართველი ავტორებისა და მათი წიგნების ხილვადობას; შექმნის ნდობას, ანგარიშვალდებულებასა და საერთო მიზნის განცდას მხარდამჭერებს შორის.

კომუნიკაციის გეგმა:

ფონდის საკომუნიკაციო არხების საშუალებით, ციფრული და ბეჭდურ მასალებში სპონსორებისა და დონორებისთვის „ეროვნული ლიტერატურის ქომაგების“ სტატუსის მინიჭება.sibility but also build trust, accountability, and a sense of shared purpose among supporters.

საინფორმაციო ბიულეტენი პარტნიორების, დონორების, გრანტის მიმღებებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის;

ყოველწლიური საჯარო ანგარიში განხორციელებული პროექტებისა და ახალი პარტნიორობების შესახებ;

ციფრული პლატფორმა ქართული და საერთაშორისო ლიტერატურული სექტორების დასაკავშირებლად;

მონაწილეობა ევროპის წამყვან წიგნის ბაზრობებში ცნობადობისა და პოზიციონირების განსამტკიცებლად;

ერთგული დონორებისა და პარტნიორების გაერთიანება „ქართული ლიტერატურის მხარდამჭერთა კლუბში“, ექსკლუზიური შეთავაზებები გამომცემლებისა და ავტორებისგან კლუბის წევრებისთვის;

⭱